EthicFinance
ალტერნატიული ინიციატივა საქართველოში

Geo I Deu I Eng

პროექტები

ნუკრიანის სახელოსნოები

,,ნუკრიანის სახელოსნოები“ –,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი–კავკასიური სახლის“ ერთ–ერთი პროექტია. იგი ხორციელდება სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სიღნაღის რაიონის განვითარებასა და პოპულარიზაციას. სახელოსნოებში მზადდება სხვადასხვა სახის სუვენიერები და საყოფაცხოვრებო ნივთები. სახელოსნოებში დასაქმებული არიან ადგილობრივი ქალბატონები, რომლებსაც საშუალება მიეცათ  შეესწავლათ თექის, ქვილთის, ეროვნული თოჯინების, მცირე ზომის კალათებისა და ბოთლის ჩასადებების დამზადება. ნუკრიანში ამჟამად 17 ქალბატონია დასაქმებული. სახელოსნოების პროდუქცია იყიდება ქ. სიღნაღის მაღაზიებში.

EthicFinance კონსულტაციებს უწევს ამ პროექტის მიმდინარეობას  ფინანსურ და ადმინისტრაციულ  საკითხებში.


კავშირი ადამიანებისათვის  განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ

კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ ფუნქციონირებს 1990 წლიდან და ცდილობს ხელი შეუწყოს ზრდასრული, გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას. მისი ერთ–ერთი სტრუქტურული ერთეულია სოციალური თერაპიის სახლი.

კავშირს აქვს რვა სოციალურ–თერაპიული სახელოსნო. რომლის საქმიანობაშიც ბენეფიცირები არიან ჩართულნი. ეს სახელოსნოებია: სტამბა–საამკინძავო სახელოსნო, ძერწვის, საქაღალდე, სასანთლე და სხვ. გარდა ამისა, კავშირს აქვს  გამომცემლობა და სასწავლებელი.

EthicFinance ეხმარება კავშირს მარკეტინგულ სტრატეგიის შექმნაში და უწევს მას კონსულტაციებს ფინანსურ საკითხებში.


ბიო პროდუქტები თბილისში

ჟან ჟაკ ჟაკობი არის 2004 წლიდან საქართველოში მცხოვრები ფრანგი, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს. იგი დაინტერესებულია საქართველოში ბიომეურნეობის განვითარებით. მას შემდეგ რაც გაეცნო საქართველოს სხვდასხვა რეგიონებს და ცალკეულ კუთხეებში არსებული მეურნეობის თავისებურებებს, მან  გადაწყვიტა დაიწყოს ბიოპროდუქტების ქართულ ბაზარზე გამოტანა. ამა წლის 28 ნოემბიდან შაბათობით მართავს დახლს გეგეშიძის პარკში (ვაკე/თბილისი).

დიდია მომხმარბელთა ინტერესი და ნდობა. მათ შეუძლიათ შეიძინონ შემდეგი პროდუქტები: ბოსტნული, ხილი, აჯიკა, ჯემები, საქართველოში წარმოებული ფრანგული ყველი, ქართული ხორბლის ჯიშისგან დამზადული პური, რძის პროდუქტები და სხვ. მისი მომწოდებლები არიან Cavcasan-ი და ბიომეურნეობის ასოციაციის წევრები სემა და ელკანა.

ეს ჟან ჟაკ ჟაკობის საქმიანობის მხოლოდ დასაწყისია. გაზაფხულისთვის მას უფრო ფართო გეგმები აქვს თავის საქმიანობასთან დაკავშირებით.

EthicFinance  მოხარულია, რომ მისი პარტნიორის საქამიანობა ასე წარმატებით დაიწყო და უწევს მას ბუღალტრულ კონსულტაციას.


ქედელი

არასამთვრობო არაკომერციული ორგანიზაცია ,,სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი" დაარსდა  2000 წელს – ზრდასრული შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის მიზნით.

ამ ორგანიზაციის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია თემი ,,ქედელი".

ქედელი თბილისიდან აღმოსავლეთით 120 კმ–ის დაშორებით ქ. სიღნაღის მახლობლად მდებარეობს. გასული საუკუნის 60–იან წლებამდე ქედელი იყო დიდი სოფელი. დღეს კი ეს ადგილი თითქმის დაცარიელებულია მოსახლეობისაგან.

ორგანიზაციის მიზანია ააშენოს 5 საცხოვრებელი სახლი, სადაც იცხოვრებს 40–45 შშმ პირი.

დღიდან დაარსებისა უცხოელი მეგობრებისა და ფონდების დახმარებით შევიძინეთ მიწის ნაკვეთები. შევაკეთეთ ამორტიზირებული სახლი, სადაც დღეს 9 შშმ პირი მუდმივად ცხოვრობს. ისინი საქმიანობენ თერაპიულ სახელოსნოებში.  ავაშენეთ მეცხოველოების ფერმა, გვყავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი,ღორები,  ქათმები.

თემი ,,ქედელის" მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეუქმნას შრომით–თერაპიული გარემო, რათა შეძლონ თავიანთი უნარების რეალიზება.

სახელოსნოებში წარმოებული პროდუქცია ძირითადად შიდა მოხმარებისთვის არის გამიზნული (რძე, ყველი, მაწონი, ბოსტნეული, ხილი). საქსოვი სახელოსნოს პროდუქცია პერიოდულად გაგვაქვს გამოფენებსა და ბაზრობებზე.

2010 წლიდან ამ სახელოსნოებს დაემატება ხის დამუშავების და საცხობის თერაპიული სახელოსნოები.

თემი ,,ქედელი"–ს 9 წევრიდან 7 უდედმამოა. ისინი კასპის და სენაკის ინვალიდ ბავშვთა პანსიონატიდან არიან გადმოყვანილები სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ჩვენთან.

ამჟამად მიმდინარეობს მეორე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, სადაც 2010 წლის დასაწყისში  ცხოვრებას დაიწყებს კიდევ 14 ახალი ბენეფიციარი.


ა.(ა).ი.პ "ადამიანი და ბუნება"

ადამიანი და ბუნება წარმოადგენს ანთროპოსოფიული მედიცინის განვითარების ხელშემწყობი საერთაშორისო კავშირს. დაარსდა თბილისში 1995 წელს, მისი დაარსების დროიდან ახორციელებს შემდეგ პროექტებს:

1. შპს "თერაპიის სახლი"

თერაპევტთა ჯგუფი პეციენტებს სთავაზობს მკურნალობას ანთროპოსოფიული მედიცინის მეთოდებითა და სპეციალური თერაპიით.

  • პედიატრიული და ზოგადი სამედიცინო ამბლატორია

  • გინეკოლოგიური მომსახურება

  • კარდიოლოგიური მომსახურება

  • ნევროლოგიური მომსახურება

  • სამკურნალო ევრითმია

  • ხელოვნებითი თერაპია

  • ფიზიოთერაპია (რიტმული მასაჟი, ლიმფის მანუალური დრენაჟი)

  • შეზელვა, სამკურნალო აბაზანები

  • სტაციონარული მომსახურება

  • ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

  • ფარმაცევტული წარმოების ლაბორატორია

2. ავადმყოფთა და მოხუცებულთა მოვლის მომსახურეობა სახლის პირობებში

ანთროპოსოფიული ორიენტირებული მეთოდებით მოვლა (სოციალური სტაციონარი

3. მედდების სკოლა

  • სამწლიანი გადამზადებისა და სწავლების სკოლა ანთროპოსოფიულ მედიცინაზე ორიენტირებული მოვლის ძირითადი არსის მიხედვით

  • ერთწლიანი კურსი მედდებისთვის

  • კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი მკურნალ–პედაგოგებისა და სოციალური თერაპევტებისთვის

4. სამკურნალო ევრითმიის შესწავლა ექიმებისთვის

5. ექიმთა ანთროპოსოფიული სემინარი

სამწლიანი ექიმთა სემინარი პროფესიის პარალელურად.


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვთა ჯგუფი

2005 წელს დაარსებული ჯგუფი დღესდღეისობით მზრუნველობას უწევს 5-დან ცხრა წლამდე ასაკის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ათ ბავშვს. ამ პროექტის განხორციელების შედეგად ბავშვებს მიეცემათ საშუალება  გამოვიდნენ ოჯახური იზოლაციიდან და ინტეგრირებულ იყვნენ საზოგადოებაში. მათთან მუშაობენ სხვადასხვა სპეციალისტები: მკურნალ–პედაგოგი, ექიმი, სამკურნალო ევრითმიის სპეციალისტი, მასაჟისტი და ხელოვანთერაპევტი.

ჯგუფში ბავშვთა აღზრდა მიმდინარეობს ვალდორფის პედაგოგიკის მიხედვით.

ყოველ ბავშვზე მიმდინარეობს ინდივიდუარი დაკვირვება. პედაგოგები ცდილობენ აღმოაჩინონ განსაკუთრებული უნარები  და ამის მიხედვით მათთან ინდივიდუალური მუშაობა წარმართონ.

ორგანიზაციას, უკეთ მოწყობისათვის, ესაჭიროება ახალი შენობა–ნაგებობანი, რაც საშუალებას მისცემდა 20–მდე გაეზარდა თავის აღსაზრდელთა რაოდენობა. ამასთან მნიშვნელოვნად გაფართოვდებოდა სამედიცინო და თერაპიული მომსახურეობა. 



<< მიმდინარე პროექტები
დასრულებული პროექტები 2011
დასრულებული პროექტები 2010 >>


© EthicFinance 2015